Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის –  Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა  დარგის სამეცნიერო განვითარების თანამედროვე ტენდენციები განიხილეს, ასევე, გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას და იმსჯელეს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაში შვიდი ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პარტნიორებს შორის იყვნენ მონპელიეს აგროინსტიტუტი (L’Institut Agro Montpellier, საფრანგეთი), შანგენის მევენახეობისა და ენოლოგიის უმაღლესი სკოლა (Changins Haute École de Viticulture et Œnologie, შვეიცარია), ტურინის უნივერსიტეტი (Università degli Studi di Torino, იტალია), გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Hochschule Geisenheim University, გერმანია), ლისაბონის უნივერსიტეტის აგრონომიის უმაღლესი ინსტიტუტი (Instituto Superior de Agronomia, Universidade de Lisboa, პორტუგალია), მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Universidad Politécnica de Madrid, ესპანეთი) და უდინეს უნივერსიტეტი (Università degli Studi di Udine, იტალია). დელეგაციას ხელმძღვანელობდა მონპელიეს აგროინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი პატრის ლალემანი.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების როლზე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და გავაფართოოთ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივები. ამ პარტნიორობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელს უწყობს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო ცოდნასთან დაკავშირებას და ქმნის საფუძველს დარგის განვითარებისათვის საჭირო ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებისთვის.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობა კონკრეტულ აკადემიურ და სამეცნიერო შედეგებში აისახოს, ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას, თანამედროვე კვლევითი მიდგომების დანერგვასა და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ევროპელ კოლეგებთან უშუალო შეხვედრები, სასწავლო და კვლევითი გარემოს გაცნობა და თანამედროვე სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, კონსორციუმთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში“.

 – პროფესორი თამარ წერეთელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

„მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების მთავარი ღირებულებაა ის, რომ მათი შედეგები უშუალოდ აისახება სტუდენტების განათლების ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე. Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპული მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დარგში დანერგილ ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ ჩატარებული ლექციები და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალ სპეციალისტებს ჰქონდეთ არა მხოლოდ მყარი თეორიული ცოდნა, არამედ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარებიც. სწორედ ასეთი თანამშრომლობით იქმნება საფუძველი, რომ სტუდენტებმა ევროპული გამოცდილება ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციებს დაუკავშირონ და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“.

 – პროფესორი ლიანა თარგამაძე

ვიზიტის ფარგლებში კონსორციუმის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბაზაზე დაცული ვაზის კოლექცია, კვლევითი ლაბორატორიები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რამაც სტუმრებს ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი ენოლოგიური ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

კონსორციუმის პარტნიორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსაც ეწვივნენ. მათ  მევენახეობა-ენოლოგიის, სურსათისა და მიკრობიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიები, ასევე,  ფაკულტეტის ტერიტორიაზე არსებული რძისა და ღვინის სასწავლო-საწარმოო სივრცეები დაათვალიერეს.  სტუმრები გაეცნენ ფაკულტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.

ვიზიტის აკადემიური პროგრამის ფარგლებში კონსორციუმის პარტნიორმა პროფესორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის ლექციები წაიკითხეს თემაზე – „უკანასკნელი სიახლეები ევროპული ვაზისა და ღვინის მეცნიერებებში“.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო...

საერთაშორისო ვიზიტები

ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების...

საერთაშორისო ვიზიტები

გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...

საერთაშორისო ვიზიტები

იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება

„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...

საერთაშორისო ვიზიტები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?