სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების – ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის, დოქტორანტ დემეტრე ჯანჯალაშვილის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის – „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ – ფარგლებში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – “ნიადაგის დეგრადაცია და აღდგენა – მეცნიერება, მართვა და განვითარება”, მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენცია ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობდნენ.
პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა ინაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა გლობალურ დონეზე ნიადაგის დეგრადაციის მრავალკომპონენტიანი პროცესების კომპლექსური ანალიზი, საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება.
„კონფერენციის შვიდდღიანი პროგრამა მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ აკადემიურ სესიებსა და ოთხდღიან საველე-კვლევით სამუშაოებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე შეეფასებინათ ნიადაგის დეგრადაციის პრაქტიკული მაგალითები და აღდგენის ინოვაციური, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულ, სტრატეგიულ აქტუალურობას იძენს საქართველოსთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის გლობალური ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების ინტენსიფიკაციის ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე კატასტროფულად გააქტიურდა ბუნებრივი საშიში პროცესები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია წყლისმიერმა ეროზიამ, რასაც თან სდევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სტრუქტურული დენუდაცია და სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის სავარგულების გამოფიტვა და რღვევა.
ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიან და მთისწინეთის რეგიონებში, მათ შორის აჭარაში, გურიაში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთსა და სვანეთში, მკვეთრად გაიზარდა ღვარცოფული ნაკადების, მეწყრული პროცესების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირე. აღნიშნული კატასტროფული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონულ ეკოსისტემებს. ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციურ ზონდირებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების (Early Warning Systems – EWS) დანერგვა და ნიადაგის აღდგენითი ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული დაგეგმვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“.
– პროფესორი ირმა ინაშვილი
როგორც ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა აცხადებს, კონფერენციის აკადემიურ სესიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გაერთიანებულმა სამეცნიერო ჯგუფმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე – „SAR რადარული უკუგაბნევისა და ოპტიკური ინდექსების ინტეგრაცია ღვარცოფით გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის შეფასებისთვის: ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე“.
„სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაში განხორციელდა Sentinel-1-ის სინთეზირებული აპარატურის რადარული (SAR) მონაცემებისა და Sentinel-2-ის ოპტიკური დისტანციური ზონდირების მრავალსპექტრული ინდექსების სიღრმისეული სინთეზი და ინტეგრირებული ანალიზი. შემუშავებულმა ინოვაციურმა მეთოდოლოგიამ აჩვენა კოსმოსური მონიტორინგის მაღალი სიზუსტე და ეფექტურობა რთული რელიეფური პირობების მქონე რეგიონებში ღვარცოფული კერების იდენტიფიცირების, მათი დინამიკის პროგნოზირებისა და ნიადაგის საფარის დაზიანების ხარისხის შეფასების მიმართულებით.
აღნიშნულმა შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დარგობრივი ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სტრუქტურული უწყებების წარმომადგენლებს“.
– ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა
აკადემიურ სესიების პარალელურად უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ვალენსიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ვალენსიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ალბერტ მონკუზთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროფესორ მარია ხოსე კოპერიას-აგუილართან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. სამეცნიერო მივლინების პერიოდში ქართველ მეცნიერთა გუნდმა ასევე დაამყარა მჭიდრო პროფესიული და პარტნიორული კონტაქტები გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგის წამყვან საერთაშორისო მკვლევარებთან და ექსპერტებთან.
სამეცნიერო მივლინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შედეგია სტუ-ის დელეგაციის კონფერენციის მთავარ ორგანიზატორთან, ცნობილ ესპანელ მეცნიერთან, პროფესორ არტემი სერდასთან შეხვედრა რა დროსაც მხარეებმა გლობალური სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ეტაპის საქართველოში ჩატარების ინიციატივა განიხილეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...
