საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან  ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია,  რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია,  ევროპული გზა კი –  უალტერნატივო. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ურყევ პოზიციას – საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია უალტერნატივო პროცესი. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო,  შეინარჩუნა და განავითარა – „მამული, ენა, სარწმუნოება“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ამდენად, თქვენ ვერ მოიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის ან პედაგოგებისთვის შეეზღუდა სამოქალაქო აქტივობა –   ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივს ვცემთ. ასევე, ვაცხადებთ,  რომ უნივერსიტეტის ვალდებულებაა გაითვალისწინოს  ყველა სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესები და უზრუნველყოს უწყვეტი სასწავლო პროცესი.

მტკიცედ გვჯერა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებიაში არსებულული ყველა საჭირბოროტო პროცესის შესახებ აზრთა აკადემიური დუღილი მიმდინარეობს და არ არის გარედან იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი სხვადასხვა მოტივაციით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითია. 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის არც ერთ ეტაპზე, ლიდერებს სტუდენტებისთვის არ მოუწოდებიათ  ჩაეშალათ სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტივისტი  ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არადა, იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იყვნენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმეს დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას, როცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს,  სასტიკად მოკლული 21 ადამიანიდან, ხუთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული იყო.

დღეს, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნისთვის განათლება და მეცნიერება არის ის ფუნდამენტი, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს გზას უხსნის  ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცისკენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს გლობალურ კვლევებსა და კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში –  CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტები, იაპონიაში – KEK-ის და J-PARC-ის COMET ექსპერიმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-ის  LBNF/DUNE ექსპერიმენტი, გერმანიაში იულიხის ცენტრთან მიმდინარე ერთობლივი კვლევები და სხვა. მომავალში, ეს პროცესები სწორედ თქვენი, განსწავლული და ერუდირებული ახალგაზრდების მონაწილეობით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ.

ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის გვერდით დგას. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც!  კომუნიკაცია არ წყდება, მიუხედავად ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციისა – ისინი ყველანი ჩვენი სტუდენტები, ჩვენი შვილები არიან! ამის ნათელი მაგალითი არის დღეს,
16 მაისს თუ უფრო ადრე, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სტუდენტებთან შეხვედრები და დიალოგი”,
– აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?