სტუ-ის მეცნიერთა კვლევამ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

პროექტის — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — ხელმძღვანელია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების უფროსი, პროფესორი ვიქტორ ზვიადაური, ხოლო კოორდინატორია მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ ჭელიძე.

პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი მირიან ცოცხალაშვილი, სამთო და გეოინჟინერიის დოქტორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა დოლიძე და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი გელა ჯავახიშვილი, ხოლო პროექტის უცხოელი კონსულტანტია პროფესორი გრიგორი პანოვკო.

1 (20).png

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, ვიქტორ ზვიადაურის თქმით, პროექტი მოიცავს ფხვიერი მასალის ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური (ვსტ) პროცესის განზოგადებული მათემატიკური მოდელის დამუშავებასა და იდენტიფიკაციას, პროცესის ზოგად გამოკვლევას მათემატიკური მოდელირებით და, ასევე, განზოგადებული მათემატიკური მოდელის დაყვანას პროექტით გათვალისწინებული ვსტ პროცესების (სამი სხვადასხვა მოწყობილობის) მათემატიკურ მოდელებზე, ამასთან, თითოეული პროცესის მათემატიკური მოდელირების და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

როგორც ვახტანგ ზვიადაური აცხადებს, დაგეგმილია მანქანისა და მოწყობილობების ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დაპროექტება და პროექტების საფუძველზე ახალი ვსტ მანქანისა და მოწყობილობების ლაბორატორიული ნიმუშების დამზადება, ხოლო ნიმუშებზე — ექსპერიმენტების ჩატარება. 

„საპროექტო პრობლემატიკა უკავშირდება ფხვიერი სამთამადნო და სამშენებლო მასალების გადამუშავების და გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების კვლევას და მოწყობილობების დამუშავება-შექმნას. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პუბლიკაციები, პატენტები, მოხსენებები, მოწყობილობების ფიზიკური ნიმუშები, რაც დადებითად წარმოაჩენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს, ხელს შეუწყობს ყველა საფეხურის სტუდენტების სალექციო და პრაქტიკულ ჩართულობას კვლევის თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. ქვეყნის მასშტაბით, დაპროექტებული და შექმნილი ახალი მოწყობილობების, როგორიცაა: ვიბრაციული მოწყობილობა ახალი მუშა ორგანოთი და ახალი ვიბროამძრავით, ვიბროკონვეიერი ხრახნული მუშა ორგანოთი, ფხვიერ-თხევადი მასალის გამამკვრივებელი ვიბრაციული მოწყობილობა, ფიზიკური ნიმუშები შეთავაზებულ იქნება საქართველოს სამთამადნო და სამშენებლო კომპანიებისთვის“, — აღნიშნავს ვიქტორ ზვიადაური.

პროექტი — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?