სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილ არქიტექტორსა და პედაგოგს, ბატონ ვახტანგ დავითაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს
ღრმად პატივცემულო ბატონო ვახტანგ!
მადლიერი შთამომავლობა უდიდეს პატივს მოგაგებთ თქვენ, გამოჩენილ ქართველ არქიტექტორს, ქართული არქიტექტურული სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს საინჟინრო და ფაზისის აკადემიების აკადემიკოსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ახალგაზრდობის მრავალი თაობის ღირსეულ აღმზრდელს, საქმის დიდ პროფესიონალს, უღალატო მეგობარს, განათლებულ მამულიშვილს და გილოცავთ დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საინჟინრო განათლების ამ დიდ ტაძარში, თქვენ ეზიარეთ არქიტექტორის ურთულეს და ქვეყნისათვის მეტად საჭირო დარგს.
თქვენი ბიოგრაფია, მაღალი მეცნიერული ავტორიტეტი, საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება, ქვეყნისა და ხალხისათვის გაწეული უდიდესი ღვაწლი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჭეშმარიტად დიდი პედაგოგი და მეცნიერი ბრძანდებით. ბატონო ვახტანგ, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეთ დიდ წარმატებებს და საყოველთაო აღიარებას.
შეუფასებელია თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობა ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეში. განუზომელი წვლილი შეიტანეთ ქართული არქიტექტურის განვითარებასა და არქიტექტურული სკოლის აღმავლობაში. საქმისადმი ერთგულებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძელით მნიშვნელოვანი ადგილი დაგემკვიდრებინათ ქართული არქიტექტურის ისტორიაში.
გამოქვეყნებული გაქვთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და ბრძანდებით 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში, ბიზნეს ცენტრი „მთაწმინდა“ თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, „ალგეთის ბაზილიკა“ სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, „კოლხეთის დედა“ და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში და მრავალი სხვა.
თქვენი, როგორც მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის დიდი ორგანიზატორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა დამსახურებულად არის დაჯილდოებული ქვეყნის ორდენებითა და მედლებით. დაჯილდოებული ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი გიორგი ნიკოლაძის მედლით.
ბატონო ვახტანგ, თქვენ ბრძანდებით უაღრესად კაცთმოყვარე პიროვნება. ქართულმა სიდარბაისლემ, სულიერმა სისპეტაკემ, ადამიანურმა სიბრძნემ, ხელმძღვანელობის იშვიათმა უნარმა, ფენომენალურმა მეხსიერებამ, გულწრფელმა თავმდაბლობამ და საქმის ერთგულებამ მოგიპოვათ საზოგადოების ჭეშმარიტი პატივისცემა და სიყვარული.
ბატონო ვახტანგ! კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ გამორჩეულ საიუბილეო თარიღს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ცოდნით, მდიდარი გამოცდილებით და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებებით თქვენ კიდევ დიდხანს იღვაწებთ ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,
აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
მსგავსი
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...