სტუ-ში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორ-მასწავლებლები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ იმ მიზნით, რომ მათ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული პროგრამის დასრულების შემდგომ არსებულ პერსპექტივებზე ესაუბრონ.

დეპარტამენტმა, ამჯერად, თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა ქურდაძემ აღნიშნა, შეხვედრების მიზანი დარგის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობების აქტუალური პროფესიით – ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით დაინტერესებაა.

„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვატარებთ ღონისძიებებს, ვხვდებით როგორც თბილისის საჯარო სკოლების, ასევე, საქართველოს რეგიონების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ამ პრიორიტეტულ პროგრამაზე, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. სამიზნე ჯგუფებს ასევე ვაცნობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიას, ვმართავთ პრეზენტაციებს, ვუზიარებთ ინფორმაციას, ზოგადად, ჩვენი უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაძლებლობების შესახებ, ვაცნობთ სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმებს, მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას, რაც მთავარია, ვესაუბრებით კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ. თებერვლიდან მოყოლებული, არაერთი ინტერაქციული შეხვედრა ჩავატარეთ იმერეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ასევე დედაქალაქის სკოლებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ხშირად გვსტუმრობენ დაინტერესებული ახალგაზრდები თბილისისა და ახლომდებარე ქალაქების საჯარო სკოლებიდან. ამჯერად, ჩვენი სტუმრები თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან. უახლოეს დღეებში კი, უნივერსიტეტში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ველით. ამ ტიპის შეხვედრები 15 ივლისამდე გაგრძელდება. სასიხარულოა, რომ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი და თავის მხრივ, ისინიც აწყობენ გასვლით ღონისძიებებს საჯარო სკოლებში. ამას გარდა, დიდი მხარდაჭერა გვაქვს კურსდამთავრებულთა მხრიდან, რომლებიც ცნობილ მსხვილ კომპანიებსა და ორგანიზაციებში არიან დასაქმებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით, რაც დღესდღეობით ძალიან პერსპექტიული პროფესიაა, უკლებლივ ყველა დარგისთვის საჭირო – სამშენებლო საქმითა და ენერგეტიკით დაწყებული, ბიოსამედიცინო ინჟინერიითა და  საბანკო საქმით დამთავრებული“, – განაცხადა მარინა ქურდაძემ.

პროფესორმა მარინა ქურდაძემ და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ აბულაძემ სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. როგორც მათ მოზარდებს განუმარტეს, სტუ-ის დეპარტამენტი ქვეყნის საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროში მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა: მასობრივი მომსახურების სისტემები, ციფრული კავშირის, ინფორმაციისა და მდგრადი კოდირების თეორიები, მოდულაცია, ბოჭკოვან-ოპტიკური, კოდირების და ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ქსელების კომპიუტერული ინჟინერინგი.

სტუ-ის პროფესორები, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცნობილი თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები – სერგო შავგულიძე, ომარ შამანაძე, ვახტანგ აბულაძე და ია ცქვიტინიძე, რომელთა კვლევები აშშ-ის და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში ქვეყნდება, მოსწავლეებს ციფრული სატელეკომუნიკაციო დარგის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს საქართველოში კავშირგაბმულობის დარგის განვითარების ისტორია, რასაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტის დაარსებით ჩაეყარა საფუძველი.

„ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს გასაგები ენით ავუხსნათ, რას მოიცავს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგი, რამდენად მნიშვნელოვანია მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში ციფრული სატელეკომუნიკაციო ინჟინერია და რამდენად ფასობენ ამ დარგის პროფესიონალები. მოზარდები აქედანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარზე ჩვენი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უაღრესად მოთხოვნადია და ის აუცილებლად მოიძიებს მაღალანაზღაურებად სამსახურს. ახალგაზრდებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, თუ რა პერსპექტივები აქვს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში ამ დარგს. ვფიქრობთ, ციფრული საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მიმართულებები, სირთულის მიუხედავად, ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  STEM მიმართულებებით არიან დაინტერესებული“, – აღნიშნა  სერგო შავგულიძემ.

 

საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების თანხლებით, აუდიტორიები, დეპარტამენტის მუზეუმი და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?