სტუ-ში „ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინეს


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი გამოავლინეს.

კონკურსში, რომელიც საქარეთველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა, საკონკურსო ჟიურიმ გამარჯვებულად სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის მიერ შექმნილი ლოგო დაასახელა.

„სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს კონკურსში საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის გამოვლენისა და მისი ავტორის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონკურსის მონაწილე სტუდენტები, საკონკურსო ჟიურის წევრები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრის გამოვლენის ცერემონია, რომელიც საკონკურსო პროექტების ექსპოზიციის ფონზე წარიმართა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, ლოგოტიპის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 47-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც  მრავალმხრივ საინტერესო კონცეფციები, ლოგოს ორიგინალური ვერსიები და ტიპოგრაფიული კომბინაციები წარმოადგინეს. მისი თქმით, ყველა საკონკურსო ნამუშევარს აერთიანებდა სლოგანი – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ (Junior Scientists for the Best Future of the Planet). უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს.   

„ლოგოს კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მადლობას ვუხდით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც კონკურსის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს და მრავალმხრივ საინტერესო, ორიგინალური საკონკურსო ნამუშევრები შექმნეს. 47 კონკურსანტის მიერ შექმნილი ლოგოები უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია გამოფენილი და მათი ობიექტურად შეფასება დამთვალიერებელსაც შეუძლია. საკონკურსო პირობების თანახმად, რაც რექტორის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა, საკონკურსო ჟიურის მხოლოდ ერთი საუკეთესო ნამუშევარი უნდა გამოევლინა. ვულოცავთ გამარჯვებული ლოგოს ავტორს, ჩვენი უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს, ნიკა ცეცხლაძეს და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მას. გვინდა უნივერსიტეტის, მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და სტუდენტების სახელით, მადლობა გადავუხადოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად, მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ პაუკაშვილს, სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთევან ქოქრაშვილს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ზაზა მარუაშვილს – იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ „ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შექმნის პროცესში უნივერსიტეტს გაუწიეს“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.

კონკურსანტებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი მიესალმა და კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. ქეთევან ქოქრაშვილის განცხადებით, კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორს, სტუ-ის სტუდენტ ნიკა ცეცხლაძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო – 2000 ლარი გადაეცემა.  

როგორც ქეთევან ქოქრაშვილმა აღნიშნა, „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეული“, რომელიც სამომავლოდ, ყოველწლიურად, სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებული ლოგოთი იპოზიციონირებს, არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით შეუწყობს ხელს ახალგაზრდა თაობებში მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, არამედ, ასევე, აქტიურად მოახდენს საერთაშორისო სივრცეში ახალგაზრდების სამეცნიერო იდეებისა თუ კვლევების ინტეგრირებას.  

ცერემონიის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.

კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორის, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის თქმით, საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი კონკურსების მოწყობა უდავოდ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა  ახალგაზრდების ნიჭის, უნარებისა და მსოფლმხედველობის გამოსავლენად.  

„არ ველოდი, თუ ასეთ წარმატებას მივაღწევდი და ჩემს შექმნილ ლოგოს კონკურსის ჟიური საუკეთესოდ დაასახელებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპოზიციაზე ბევრი არაჩვეულებრივი ნამუშევარია წარმოდგენილი. მადლობას ვუხდი ჩემს უნივერსიტეტს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს საკონკურსო ნამუშევარში საკმარისი რესურსი ჩავდე, სპეციალური კონცეფცია შევიმუშავე – მინიმალისტური თვალთახედვა, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება 21-ე საუკუნეს: მეცნიერების, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ერას. ლოგოსთვის შევქმენი ხაზოვანი სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია ატომი და ხელებგაშლილი ადამიანი, რომელიც მოიცავს ჩვენს სამყაროს, პლანეტას. შესაბამისად, გამოვიყენე ძირითადი კომპლემენტარული ფერები: ცისფერი და სტაფილოსფერი, რაც კომბინაციაში ახალგაზრდული, უსაფრთხო, კრეატიული, ენერგიული და მეგობრულია. ასევე, გამოვიყენე დამხმარე ფერები: მუქი ლურჯი და თეთრი, რომლებიც მშვიდად ერწყმის ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ ჩემმა კონცეფციამ გაამართლა“, – აღნიშნა გამარჯვებულმა კონკურსანტმა.      

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი მიმდინარე წლის 2 მარტს გამოაცხადა. საკონკურსო პირობების თანახმად, სტუდენტების საკონკურსო მასალების მიღება 20 მარტის ჩათვლით წარმოებდა.

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?