სტუ-ში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის – „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.

საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები – პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე. 

ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

შიდა-14.05.2025-სტუ-5_ტომეული ლექსიკონის პრეზენტაცია.png

გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები. 

ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა ილუსტრირებულია და სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და, ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი.

თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტემინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.

როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.

„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგემვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?