სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი, 500 სტუდეტზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ახალი კომპლექსი, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 000 კვ/მ ფართობზე აშენდება.  

კომისიის სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა: ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და 13 ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლებმა. სხდომას, ასევე, ესწრებოდა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე.

როგორც კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. მისი განცხადებით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების განსახილველად, კომისია რეგულარულად შეიკრიბება.  

სხდომაზე დეტალურად განიხილეს 500 სტუდეტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის კონცეფცია და კომპლექსისთვის განკუთვნილი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა. სტუდენტთა წარმომადგენლებმა ყურადღება საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სტუდენტების საჭიროებებსა თუ მოთხოვნებთან სრულად იქნება ადაპტირებული და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები, მოეწყობა სოციალური და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები, სპორტული მოედანი, ონლაინ ბიბლიოთეკა, გარე სარეკრეაციო სივრცეები, საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერული ცენტრი და სხვა. საერთო საცხოვრებლის შენობა და 2 სტუდენტზე გათვლილი თითოეული ოთახი ასევე აღჭურვება იმ აუცილებელი თუ დამხმარე ინფრასტრუქტურით – სამრეცხაო, სამზარეულო ბოქსი, მოსასვენებელი და მეცადინეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, აივანი – რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

სხდომის დასასრულს, კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ სტუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისია იზრუნებს შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიურ საბჭოსა და სენატს განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადასცემს, გადაწყვეტილებებს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?