სტუ-ის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო.

მასტერკლასის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ნაწილაკების ფიზიკისა და ბირთვული კვლევების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობა.

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჩატარდა, რომელშიც შვიდი საჯარო სკოლის 34-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, მოზარდებმა მოისმინეს თემატური ლექციები ნაწილაკების ფიზიკის, დეტექტორების ტექნოლოგიების და მაღალი ენერგიის ფიზიკის ექსპერიმენტების შესახებ, ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და მონაცემთა ანალიზის სამუშაოებში.

„CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია.

მასტერკლასების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებს, სწავლობენ დეტექტორების მუშაობის პრინციპებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებულია ისეთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან, როგორიცაა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე კვლევები. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით „მეცნიერის როლში“ აღმოჩნდნენ და თვითონ განახორციელონ მონაცემთა ანალიზი, რაც მათ დახმარებას უწევს კვლევითი აზროვნების განვითარებაში“, – აცხადებს ბესიკ კეკელია.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას STEM მიმართულებებით. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო მასტერკლასები ყოველწლიურად ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და მასში ასობით უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ადრეულ ასაკში გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, გაიაზრონ კვლევის კულტურა და დაინახონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მონაწილეობა CERN/IPPOG-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების გარემო და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში იქმნება. მასტერკლასები აფართოებს ინტელექტუალურ სივრცეს, ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს და გუნდურ მუშაობას.

სწორედ ასეთი გამოცდილებაა საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ ახალი თაობის მეცნიერები, ინჟინრები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სამეცნიერო განვითარებასა და ინოვაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. CERN/IPPOG-ის მასტერკლასების ორგანიზება ემსახურება სწორედ ამ მიზნებს: ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობას, ცოდნის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

მასტერკლასის ფარგლებში, CERN-იდან ონლაინ ჩართვით სამყაროს წარმოშობის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერმა იური ბაღათურიამ. მოსწავლეებს თეორიული ლექციები ასევე წაუკითხეს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებმა – ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ. ლექციების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა CMS დეტექტორის რეალური მონაცემები გაანალიზეს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ტუტორობას უწევდნენ ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები – გიორგი ბოხოჩაძე და ელა აბრამოვი.

ცნობისთვის: KIU-ის პარალელურად, საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი ერთდროულად ჩატარდა ილდიზის ტექნიკურ (სტამბოლი, თურქეთი) და ბეჟაიას (ალჟირი) უნივერსიტეტებში, ასევე რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში (ზაგრები, ხორვატია).


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?