აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა და მკვლევრის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის – რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სამედიცინო საზოგადოებას.
„პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. დავკარგეთ გამორჩეული ქირურგი-ონკოლოგი, აღიარებული მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრება და პროფესიონალიზმი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მედიცინის წინსვლას ემსახურებოდა – დაუღალავად იღვწოდა საქართველოში თანამედროვე ონკოლოგიური სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. პროფესორი რემა ღვამიჩავა იყო სკრინინგცენტრის პირველი დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული სკრინინგპროგრამების განვითარებას, პრევენციული მედიცინის გაძლიერებასა ხელმისაწვდომობის ზრდას. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის განვითარებაც, რამაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პროფესორი რემა ღვამიჩავა საზოგადოებას დაამახსოვრდება, როგორც უმაღლესი პროფესიონალიზმის, სიბრძნის, კეთილშობილებისა და განსაკუთრებული ჰუმანიზმის მქონე ექიმი, რომელსაც შეეძლო უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის იმედი ჩაესახა, გაეძლიერებინა პაციენტის რწმენა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად ებრძოლა. სწორედ რემა ღვამიჩავას სამეცნიერო მემკვიდრეობა, პედაგოგიური საქმიანობა და აღზრდილ მედიკოსთა არაერთი თაობაა მისი ცხოვრების მარადიული გაგრძელება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მისი ონკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქართველოს ეროვნულ სკრინინგცენტრს, სტუდენტებსა და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.
დარწმუნებული ვართ, პროფესორ რემა ღვამიჩავას სახელი, მისი პროფესიონალიზმი, ჰუმანიზმი, საქმისადმი ერთგულება და ღვაწლი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მედიცინის ისტორიაში,
ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ბატონი რემა იყო გამორჩეული ექიმი, მკვლევარი, მასწავლებელი, კოლეგა, მეგობარი. ნათელი მის ხსოვნას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...