სტუ-ის სტუდენტები სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კორეაში, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებით, კორეის უნივერსიტეტის (Korea University) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის ფაკულტეტების წარმომადგენლები, ასევე, სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ლევან რატიანი, ხოლო ონლაინ რეჟიმში ერთვებოდნენ კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიისა და მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის წარმომადგენლები.
ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე სტუდენტებს მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში – სამხრეთ კორეაში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებსა და მათგან მომდინარე დადებით შედეგებზე ესაუბრა, ასევე, გააცნო კორეული უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი მიმართულებები და კონკრეტული სამეცნიერო ინტერესები.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა სპეციალისტთა და მკვლევართა ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სივრცეში მათი ინტეგრირებისკენ.
თამარ ლომინაძის განმარტებით, უნივერსიტეტი, რომელიც სამხრეთ კორეის უმაღლესი სასწავლებლების ტოპ სამეულში შედის, გამოხატავს მკაფიო ინტერესს, მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად მიიზიდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ის სტუდენტები, რომლებიც განათლებას ეუფლებიან ინფორმატიკის, საინჟინრო და ნახევარგამტარების ფიზიკის, ხელოვნური ინტელექტის (AI), ენერგეტიკისა და მექანიკის ინჟინერიის განხრით.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯეროვნად შეაფასებენ ამ ორმხრივ სასარგებლო შეთავაზებას, შედეგად კი, სწავლასა და კვლევებს წარმატებით გააგრძელებენ კორეის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში“, – აღნიშნა შეხვედრაზე თამარ ლომინაძემ.
კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიისა და მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის წარმომადგენლებმა სტუ-ის სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის მოთხოვნებზე, სწავლის სპეციფიკაზე, მაღალი სტიპენდიით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითა და მაღალი სტანდარტის კვლევითი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე.
როგორც მათ აღნიშნეს, სწავლის პარალელურად, ქართველი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან კორეის უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე უმსხვილესი კორეული კორპორაციის “SK ჯგუფის” ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის პროექტებში, რაც კორპორაციის მხრიდან, დამატებით იქნება ანაზღაურებული.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა ლევან რატიანმა, რომელიც ამჟამად, კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარია, შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს კორეის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების ყოფა-ცხოვრების, სასწავლო-კვლევით პროცესებში მათი ჩართულობისა და განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებზე ესაუბრა.
სტუდენტებთან კორეის უნივერსიტეტის (Korea University) წარმომადგენლების შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომელზეც მხარეებმა სამხრეთ კორეაში, მაგისტრატურის საფეხურზე სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები განიხილეს.
მსგავსი
სტუ-ში საჯარო ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა საჯარო ლექცია - „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების...
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1...
ენერგეტიკის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ღია კარის დღეზე იწვევს
21 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს ღია კარის დღეზე. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან...
სტუ-ში Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროექტების წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) გაიმართა, რომელიც Horizon Europe-ისა და...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....