სტუ-ში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-მდე სტუდენტი ეუფლება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი – ავთანდილ კორახაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – ნოდარ ჭითანავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების განვითარების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ფაკულტეტის ხელმძღვანელს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საუნივერსიტეტო სივრცეში ახალშექმნილი ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 2021 წლიდან დღემდე განახორციელეს.
როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, თავისი 2-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ერთ-ერთი წარმატებულია საუნივერსიტეტო სივრცეში და მის სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო პროფესიები აითვისონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები, სამეცნიერო კონფერენციები თუ სემინარები და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის პროფესია, რომლებსაც ახალგაზრდები ალმა-მატერში ეუფლებიან, მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება. მთიანი რეგიონების განვითარება ერთ-ერთი აქტუალური საერთაშორისო გამოწვევაა, რისი დასტურია ისიც, რომ გაერო 2002 წლიდან აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს. ახალი ფაკულტეტი, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის – ავსტრიის, შვეიცარიის, იტალიის, შოტლანდიის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებითა და ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებით, სწორედ 2 წლის წინ, 11 დეკემბერს დაარსდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოთხი საბაკალავრო პროგრამით მოქმედებს და ამ ფაკულტეტზე, დღევანდელი მოცემულობით, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ უნიკალური შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ იმ დროიდან დაიწყო ფაკულტეტის დაარსებაზე ზრუნვა. ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს – უნივერსიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს, აღზარდოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც უშურველად იზრუნებენ მთიანი რეგიონების განვითარებისთვის. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მადლობა გადაუხადა რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიმართ ვლინდება.
„ჩვენი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ კოლეგებს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხები. ჩვენ არ ვართ დიდი ისტორიის მქონე ფაკულტეტი, მაგრამ 2 წლის განმავლობაში აქტიური და ორგანიზებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ის, რომ ჩვენი პროგრამები მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, ამას მოწმობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოთხივე პროგრამაზე კონკურსების მაღალი მაჩვენებელი. დღეს, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, იქმნება ახალი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ასევე, უკვე შემუშავებული გვაქვს სამაგისტრო პროგრამა და შესაბამისი სილაბუსები. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საველე პრაქტიკები სტუდენტების ჩართულობითა და ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციით. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი დაანონსებს ორგანული ფერმერული პროდუქტების წარმოების ასოციაციის შექმნას, ასევე, ვგეგმავთ ორგანული ფერმერული ტურიზმის ასოციაციის დაფუძნებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობითა და თანაორგანიზებით, გაიმართა ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ახალგაზრდებისთვის ვაწყობთ კონკურსებს, გამოფენებს, განვიხილავთ გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საკითხებსაც და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. უამრავი გეგმა გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ფაკულტეტის განვითარებასა და დეფიციტურ პროფესიებში ახალგაზრდა სპეციალისტთა თუ დარგის მკვლევართა აღზრდა-ფორმირებასთან“, – აღნიშნა ნოე ხოზრევანიძემ.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა და ფაკულტეტის ხელმძღვანელმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ასოცირებული პროფესორები – კობა კობალაძე და შორენა კუპრეიშვილი. სერტიფიკატები გადაეცათ საუნივერსიტეტო სტუდენტური ოლიმპიადის – ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება“ და სტუდენტთა მე-3 სამეცნიერო კონფერენციის – „მთის ეკოსისტემები“ მონაწილე სტუდენტებს, ხოლო სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ოთხი სტუდენტი – თამარ სეფაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, ანა ომანაძე და ნუში ჯაყელი ფაკულტეტმა სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია FAO – The Food and Agriculture Organization.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...