საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც უდავოდ ხვდება ქართული საზოგადოების ინტერესის არეალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას, ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული მხარისაგან, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც სწორედ აღნიშნული თემაა ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტის – მაკა ჩიხლაძის ირიბი დაინტერესების და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მის რექტორსა და სამეცნიერო წრეებზე მორიგი შეტევის მიზეზი, რაც რექტორისა და მისი ოჯახის ქონებით, ასევე, საუნივერსიტეტო ქონებით დაინტერესებაში გამოიხატება.

გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას – აღნიშნული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დავით გურგენიძე წარმატებით ახორციელებდა ბიზნესს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2001-2004 წლებში, საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, დავით გურგენიძე იმდროინდელი სახელმწიფო უწყების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, რეგულარულად ავსებდა „ცნობას თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია მისი კუთვნილი ქონების წარმოშობის, მათ შორის 2001 წლამდე შეძენილი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2004 წლიდან კი დავით გურგენიძემ დატოვა საჯარო სამსახური და ისევ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა. 2007-2010 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება, დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შესაბამისად, დავით გურგენიძისა და მისი ოჯახისთვის დაბრუნებას ექვემდებარება.
საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ დავით გურგენიძე 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა, არის ცნობილი მეცნიერი და ჰიდროინჟინერი; 2020 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც 2024 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული; არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და წარმატებით ეწევა საინჟინრო-კვლევით საქმიანობას მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო კოლაბორაციებში, ხოლო ბიზნესსაქმიანობას მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში.
საგულისხმოა ისიც, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სკოლას, რომელიც უკვე 103 წელია ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს, დაუსაბუთებლად ედავება და ეჭვქვეშ აყენებს საუნივერსიტეტო სისტემაში მოქმედი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის ვაკის რაიონში მდებარე ამორტიზებული შენობის აუქციონის წესით გაყიდვისა და მის ნაცვლად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი კვლევითი კომპლექსის აშენების ნამდვილობას – მით უმეტეს, რომ ამორტიზებული შენობა 2018 წლიდან აღარ წარმოადგენს სტუ-ის საკუთრებას და გადასულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გასხვისება არ წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივას; შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ პროცესში არასოდეს ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა.
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კვლევითი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე შერჩეულია ვრცელი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, სტუ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე; დამტკიცებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან, ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთანავე, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უახლესი-ტექნიკა დანადგარების და ლაბორატორიების მონტაჟი, ხოლო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო მუშაობისა და კვლევისთვის.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი გზითა და კანონიერიერების ფარგლებში ღირსეულად დაიცვას თავისი სიმართლე და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების ინტერესები.
ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ” – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურ განცხადებაში.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...