სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას „თეგეტა გრინ პლანეტში“ გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტში“ გაივლიან და საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვა-გადამუშავების მიმართულებით კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გამყარდა.
დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა მოაწერეს ხელი.
უნივერსიტეტში მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის, ასევე, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტების მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის მიზანი ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. დოკუმენტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების 40 სტუდენტი – მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრები, ასევე, მაგისტრანტები დამატებით თეორიულ სწავლებას სამ საგანში გაივლიან: ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა და საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში.
კურსის თეორიული ნაწილის დაძლევის შემდეგ, სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობას, რაც საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევების დაძლევაზე მეცნიერები, ინდუსტრიებთან პარტნიორობით, აქტიურად მუშაობენ.
„კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ნარჩენების მდგრადი მართვა – ეს დღევანდელი მსოფლიოს რეალური გამოწვევებია. მათი დაძლევა საჭიროებს მეცნიერების, განათლებისა და ინდუსტრიის გაერთიანებულ ძალისხმევას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გარემოსდაცვითი ინჟინრებისა და მკვლევრების ახალგაზრდა თაობის მომზადება ნიშნავს მათთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღრმავებას. ჩვენს პარტნიორობას „თეგეტა გრინ პლანეტთან“ საუნივერსიტეტო ხედვისა და მიდგომების რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მოვიაზრებთ. პრაქტიკული სწავლის ინტეგრირებით, უნივერსიტეტი შესაძლებლობას უქმნის სტუდენტებს გამოიმუშაონ არა მხოლოდ ნარჩენების მართვისა და გადამუშავების ტექნიკური უნარები, არამედ შედგნენ როგორც მომავალი ლიდერები გარემოსდაცვით სფეროში, რადგან კომპანიის საქმიანობაში უშუალო ჩართულობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შემხებლობა მათ სრულფასოვან კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა უპასუხებს ჩვენს მიზანს – ცირკულარული ეკონომიკის მხარდასაჭერად გავაძლიეროთ უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის კოოპერაცია ინტერდისციპლინური სწავლებით, ინოვაციური იდეების განვითარებით. დარწმუნებული ვართ, მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორობა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს სტუდენტებს, ინდუსტრიას და მთლიანად ქვეყანას“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორის, შალვა ახვლედიანის თქმით, კომპანიის საქმიანობაში ჩართვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს ექმნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და სამომავლოდ თავიანთი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.
„მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „თეგეტა გრინ პლანეტი”, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ თავიანთი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროს დაუკავშირონ. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“, – განაცხადა შალვა ახვლედიანმა.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ პარტნიორობით, ასევე, შემუშავდება ერთობლივი სასწავლო თეორიული თუ პრაქტიკული კურსები და „მწვანე პროექტები“, გაიმართება ციკლური სემინარები და ვორქშოფები ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.
ცირკულარულ ეკონომიკის განვითარების მიზნით, სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის შეისწავლიან მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „თეგეტა გრინ პლანეტს“ შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორობას 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ითვალისწინებს.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...