სტუ-ის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის – გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.
არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე დოქტორანტები – ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები – ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.

მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.
გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა.
მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების – მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით,“ – განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...