სტუ-ის რექტორი საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, ლია კახიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, გამორჩეული მეცნიერ-მკვლევრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს და საინჟინრო საზოგადოებას.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორმა ლია კახიანმა მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებასა და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.
“90 წლის ასაკში გარდაიცვალა საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.
პროფესორი ლია კახიანი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დარგის სიღრმისეული ცოდნით, უდიდესი შრომისმოყვარეობით და აკადემიური თუ სამემეცნიერო საკითხებისადმი პრინციპული მიდგომით. მისი კვლევითი სფერო მოიცავდა სამშენებლო კონსტრუქციებს, სეისმომედეგობას და რკინაბეტონის რღვევის მექანიკას; მისი ავტორობით გამოქვეყნდა 114 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და „ევროკოდი 2“ ქართულ ენაზე. ლია კახიანი აქტიურად იყო ჩართული არაერთ კვლევით პროექტში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, იყო უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრი. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის მიიჩნეოდა მაღალპროფესიონალურ და ზუსტ შეფასებად.
ქალბატონი ლია კახიანი ყველას უზომოდ გვიყვარდა უნივერსიტეტში, მის მშობლიურ სამშენებლო ფაკულტეტზე – კოლეგებს, მეგობრებს, ახალგაზრდა თანამშრომლებსა და სტუდენტებს. მისი ლექციები მუდამ საინტერესო და შთამაგონებელი იყო – ახალგაზრდებს აძლევდა სიღრმისეულ ცოდნას, უყალიბებდა საინჟინრო აზროვნების კულტურასა და საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა აღზრდის მხრივ. მრავალი მათგანი დღეს წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უფროსი კოლეგის, ძვირფასი მეგობრის – პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება სამშენებლო ფაკულტეტისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო სკოლისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებს. პროფესორ ლია კახიანის სახელი და დამსახურება სამუდამოდ დარჩება სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში,” – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...