სტუ-ის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოხსენებით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი სერგო შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების მიზნით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Munich – TUM) იმყოფებოდა. ვიზიტი, რომელიც 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის სისტემების მიმართულებით მიმდინარე კვლევების ინტეგრირების ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის პროგრამის შესაბამისად, პროფესორმა სერგო შავგულიძემ TUM-ის სამეცნიერო სემინარზე წარადგინა მოხსენება თემაზე – „კოდირებული მოდულაციის სისტემები და მათი გამოყენება მრავალანტენიან კომუნიკაციებში“. ინფორმაცია პრეზენტაციისა და პროფესორის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ განთავსდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აკადემიურ აღიარებას.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აღნიშნავს, მოხსენება მოიცავდა ავტორის მიერ ბოლო წლებში, ინფორმაციის თეორიისა და კოდირებული მოდულაციის სისტემების სფეროში მიღებული ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო შედეგებს.
პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სტუ-ის პროფესორის ვიზიტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპული აკადემიური სივრცის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალური საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევის რუკაზე.
„მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ სერგო შავგულიძის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო შედეგების ინტერნაციონალიზაციის, ისე ერთობლივი კვლევითი პლატფორმების გაძლიერების თვალსაზრისით. პროფესორ შავგულიძის მიერ წარმოდგენილი კვლევები კოდირებული მოდულაციის სისტემებისა და მრავალანტენიანი კომუნიკაციების მიმართულებით პასუხობს თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიღებული შედეგები თანხვედრაშია უახლესი თაობის მობილური საკომუნიკაციო ქსელების – 5G-ისა და 6G-ის, ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან და შეესაბამება საერთაშოპრისო ტელეკომუნიკაციების კავშირის – ITU-ს რეკომენდაციებს. დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ინიცირებას, საერთაშორისო საგრანტო აქტივობებში ჩართულობის ზრდას და ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენას ევროპულ და გლობალურ სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში. მსგავსი ვიზიტები ქმნის მყარ საფუძველს ცოდნის ტრანსფერის, ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების და ინოვაციური კვლევების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის პროფესორის სერგო შავგულიძის განმარტებით, მან მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაუსის, ლიპშიცისა და ჰურვიცის მთელ რიცხვებზე დაფუძნებულ ალგებრულ-რიცხვით მიდგომებზე, რაც ახალი სიგნალებისა და სიგნალურ-კოდური კონსტრუქციების ასაგებად გამოიყენება. მისივე თქმით, მან განიხილა ჰიბრიდულ ფაზურ (ამპლიტუდურ-ფაზურ) და სიხშირულ მოდულაციებზე დაფუძნებული ორ- და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ფორმირების პრინციპები, რაც თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო სისტემების განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა.
„ამ თეორიული საფუძვლის გამოყენებით შემუშავებულია მრავალანტენიანი სივრცითი მოდულაციისა და განზოგადებული მრავალნაკადიანი სივრცითი მოდულაციის ახალი სქემები. განხორციელებულია მათი სინთეზი შეცდომების მაკონტროლებელ კოდებთან, რაც უზრუნველყოფს სისტემის საიმედოობისა და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას. წარმოდგენილმა ანალიტიკურმა შეფასებებმა და კომპიუტერულმა სიმულაციებმა დაადასტურა, რომ შეთავაზებული სისტემები გამოირჩევა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით, საკომუნიკაციო არხში შეცდომების კორექციის მაღალი უნარით, მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარით, ენერგეტიკული და სპექტრული ეფექტიანობის გაუმჯობესებით, აგრეთვე რეალიზაციის ოპტიმალური სირთულით. ეს უპირატესობები მათ კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ანალოგებთან შედარებით. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სისტემების ინტეგრირების შესაძლებლობებს მოქმედ 5G და პერსპექტიულ 6G მობილურ საკომუნიკაციო ქსელებში. საგულისხმოა მიღებული შედეგების შესაბამისობა ITU-ს რეკომენდაციებთან, რაც მათ პრაქტიკულ დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“, – აცხადებს სერგო შავგულიძე.
ცნობისათვის: სერგო შავგულიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი – ავტომატური ელექტროკავშირის სპეციალობით. 1984 წელს მან მოსკოვში, Institute for Control Problems-ში (სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია) დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1991 წელს – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი Institute for Information Transmission Problems-ში. 1993 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა.
მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ინფორმაციის თეორია, შეცდომათა მაკონტროლებელი კოდირების თეორია და კოდირებული მოდულაციის სისტემები; არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორი სერგო შავგულიძე მონაწილეობდა არაერთ მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონფერენციასა და სიმპოზიუმში.
გარდა ამისა, ერთობლივი კვლევების ჩატარებისა და სალექციო კურსების წაკითხვის მიზნით, 1992–2024 წლებში ის არაერთხელ მიიწვიეს პროფესორად გერმანიაში – დარმშტადტის, ულმის, კონსტანცისა და ესენის უნივერსიტეტებში, ასევე, შვედეთის ლინჩეპინგისა და ლუნდის უნივერსიტეტებში, დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Denmark, ლინგბი, დანია) და გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტში (Lancaster University – UK); 2006-2025 წლებში მონაწილეობდა International Telecommunication Union-ის (ITU) ეგიდით ორგანიზებულ მრავალ კონფერენციასა და სემინარში; 2015, 2019 და 2023 წლების რადიოკომუნიკაციის ასამბლეებზე (RA-2015, RA-2019, RA-2023) კი პროფესორი სერგო შავგულიძე ITU-R-ის სასწავლო ჯგუფების ვიცე-თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
მსგავსი
სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...