სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმთან ერთად მხარეებმა „პრაქტიკის ხელშეკრულება“ გააფორმეს, რომლის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შემუშავებული ახალი სამაგისტრო პროგრამისთვის – „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, გამოყენებითი კომპონენტის უზრუნველყოფა.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აკრედიტაციის პროცედურებს გადის.
„სატრანსპორტო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი სტანდარტები და საგზაო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები მოითხოვს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადებას. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა, რომლის ძირითადი პათოსი უმაღლესი განათლების რეალურ ეკონომიკასთან, შრომის ბაზარსა და სახელმწიფო დარგობრივ ინსტიტუციებთან მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობის გაღრმავება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული ნაბიჯია. თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაძლიერდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ახალი სამაგისტრო პროგრამის – „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაზე გაივლიან. ამასთანავე, ჩვენი აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს და გააგრძელებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო თუ სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებასა და შეთავაზებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. პარალელურად, მხარეები ვიმუშავებთ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, რომლებიც მიმართული იქნება საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, საგზაო უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისაკენ“.
– ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, აკადემიური სექტორისა და სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა დარგის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, უნივერსიტეტისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პარტნიორობა ასახავს მხარეების საერთო ხედვას მდგრადი განვითარების მიმართულებით.
მისივე განცხადებით, უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმებული განახლებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებისა და წამყვანი საინჟინრო სკოლის ერთობლივი სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს სატრანსპორტო დარგის სტაბილურ, ინოვაციურ და მდგრად განვითარებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული უნარები უშუალოდ სატრანსპორტო სფეროში განივითარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და დარგის წამყვან ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყოს ხელი“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
მსგავსი
სტუ-სა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს...
სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...
სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...
წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...