სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზაციებში შეძლებენ.
სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და კარიერული განვითარების მხარდასაჭერად, უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს პარტნიორი ორგანიზაციების წრე გააფართოოს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მსხვილი ქსელური ორგანიზაციაა, რომელთანაც სამომავლო ურთიერთობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმით გაამყარა. დოკუმენტს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცენტრის დირექტორმა არჩილ მამალაძემ მოაწერეს ხელი.
როგორც ვიცე-რექტორმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე აღნიშნა, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 22 კლინიკას და 1300-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ამასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში სერვისების მიწოდების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, სამედიცინო პერსონალის გარდა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტები ესაჭიროება.
პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების მიზანი, ერთი მხრივ, საინჟინრო მიმართულების სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდა, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და ახალგაზრდა პროფესიონალთა მომზადებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთ ინსტიტუციებთან პარტნიორობა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.
დღეს ჯანდაცვის სფეროს განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინჟინერიასთან. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის გარდა, მას ესაჭიროება ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმია-ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, არქიტექტორები, ლოგისტები, IT სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და კომპეტენციებს პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებენ და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, მოამზადოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური ხედვის მქონე სპეციალისტები და მკვლევრები. ეს ახალი პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული თუ კვლევითი უნარები და თავიანთი პროფესიული კარიერა წარმატებით დაიწყონ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის საფუძველი ჩაეყრება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელიც სარგებლიანი იქნება სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის სექტორისა და ჩვენი ქვეყნისთვის“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თქმით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციებით გამორჩეულ უნივერსიტეტთან, რომელიც კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, გაფორმებული მემორანდუმი კი ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ჩართოს პრაქტიკულ საქმიანობაში. არჩილ მამალაძის განცხადებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ახალგაზრდების ინოვაციური ხედვისა და თანამედროვე კომპეტენციების ინტეგრირება მნიშვნელოვანი რესურსია, რაც „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა ასევე განიხილეს სტუდენტთა სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
მსგავსი
წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის...
სტუ-ში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი
„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს (ADAU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორებმა - აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და...
სტუ-სა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვადიმ ბოგუშმა მეცნიერებისა და...
