სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების – ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის, დოქტორანტ დემეტრე ჯანჯალაშვილის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის – „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ – ფარგლებში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – “ნიადაგის დეგრადაცია და აღდგენა – მეცნიერება, მართვა და განვითარება”, მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენცია ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობდნენ.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა ინაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა გლობალურ დონეზე ნიადაგის დეგრადაციის მრავალკომპონენტიანი პროცესების კომპლექსური ანალიზი, საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება.

„კონფერენციის შვიდდღიანი პროგრამა მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ აკადემიურ სესიებსა და ოთხდღიან საველე-კვლევით სამუშაოებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე შეეფასებინათ ნიადაგის დეგრადაციის პრაქტიკული მაგალითები და აღდგენის ინოვაციური, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულ, სტრატეგიულ აქტუალურობას იძენს საქართველოსთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის გლობალური ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების ინტენსიფიკაციის ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე კატასტროფულად გააქტიურდა ბუნებრივი საშიში პროცესები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია წყლისმიერმა ეროზიამ, რასაც თან სდევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სტრუქტურული დენუდაცია და სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის სავარგულების გამოფიტვა და რღვევა.

ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიან და მთისწინეთის რეგიონებში, მათ შორის აჭარაში, გურიაში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთსა და სვანეთში, მკვეთრად გაიზარდა ღვარცოფული ნაკადების, მეწყრული პროცესების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირე. აღნიშნული კატასტროფული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონულ ეკოსისტემებს. ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციურ ზონდირებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების (Early Warning Systems – EWS) დანერგვა და ნიადაგის აღდგენითი ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული დაგეგმვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“.

– პროფესორი ირმა ინაშვილი

როგორც ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა აცხადებს, კონფერენციის აკადემიურ სესიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გაერთიანებულმა სამეცნიერო ჯგუფმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე –  „SAR რადარული უკუგაბნევისა და ოპტიკური ინდექსების ინტეგრაცია ღვარცოფით გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის შეფასებისთვის: ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე“.

„სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაში განხორციელდა Sentinel-1-ის სინთეზირებული აპარატურის რადარული (SAR) მონაცემებისა და Sentinel-2-ის ოპტიკური დისტანციური ზონდირების მრავალსპექტრული ინდექსების სიღრმისეული სინთეზი და ინტეგრირებული ანალიზი. შემუშავებულმა ინოვაციურმა მეთოდოლოგიამ აჩვენა კოსმოსური მონიტორინგის მაღალი სიზუსტე და ეფექტურობა რთული რელიეფური პირობების მქონე რეგიონებში ღვარცოფული კერების იდენტიფიცირების, მათი დინამიკის პროგნოზირებისა და ნიადაგის საფარის დაზიანების ხარისხის შეფასების მიმართულებით.

აღნიშნულმა შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დარგობრივი ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სტრუქტურული უწყებების წარმომადგენლებს“.

– ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა

აკადემიურ სესიების პარალელურად უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ  სამუშაო შეხვედრები გამართა ვალენსიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ვალენსიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ალბერტ მონკუზთან,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროფესორ მარია ხოსე კოპერიას-აგუილართან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. სამეცნიერო მივლინების პერიოდში ქართველ მეცნიერთა გუნდმა ასევე დაამყარა მჭიდრო პროფესიული და პარტნიორული კონტაქტები გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგის წამყვან საერთაშორისო მკვლევარებთან და ექსპერტებთან.

სამეცნიერო მივლინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შედეგია სტუ-ის დელეგაციის კონფერენციის მთავარ ორგანიზატორთან, ცნობილ ესპანელ მეცნიერთან, პროფესორ არტემი სერდასთან შეხვედრა რა დროსაც  მხარეებმა გლობალური სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ეტაპის საქართველოში ჩატარების ინიციატივა განიხილეს.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...

სიახლეები

სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?