საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრი მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საერთაშორისო პროგრამას ქმნიან
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში, ათდღიანი ინტენსიური სასწავლო-კვლევითი ტრენინგი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებზე ორიენტირებული ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას. პროექტი მილანის უნივერსიტეტის UNIMONT კვლევით ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და უშუალოდ უკავშირდება სტუ-ის მთის მდგრადი ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგკურსებს – „სილაბუსის დიზაინის ხელოვნება და პრაქტიკა“, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო გეგმის შექმნისა და დისციპლინური ინტეგრაციის მეთოდოლოგიებს; საერთაშორისო სეზონური სკოლა – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის – „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ პროექტირება, რომელიც შემუშავდება UNIMONT ცენტრთან პარტნიორობით, ატარებენ იტალიელი წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები – პროფესორი სტეფანო კორსი, დოქტორი ანამარია ჯორჯი და დოქტორი რიკარდო გაჯეტი.
ტრენინგის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კონტექსტში და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ქვეყნის ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტში იტალიელი მეცნიერების ჩართულობა უზრუნველყოფს როგორც ევროპულ აკადემიურ ხარისხს, ისე საერთაშორისო კვლევითი გამოცდილების ქართველი კოლეგებისადმი გაზიარებას.
„მთის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია თანამედროვე საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მთიან ზონებს უკავია, სადაც კონცენტრირებულია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, უნიკალური ეკოსისტემები და კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ, ამ მიმართულების სტრატეგიულად განსაზღვრა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების აუცილებელი საფუძველია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში მთის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის შექმნა, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ხედვასთან ორგანულად თანხვედრილი ნაბიჯია. ის ფაქტი, რომ ახლად შექმნილ ფაკულტეტზე სწავლება მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მაღალგანვითარებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კადრების აღზრდას. ეს არის საგანმანათლებლო პოლიტიკის თანმიმდევრული და შორსმიმავალი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონებში მდგრადი განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ახალი სამაგისტრიო-საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინიციატივა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერდისციპლინური ცოდნა, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და საინჟინრო კომპონენტებს. დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ როგორც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ისე ინოვაციური მიდგომების დანერგვას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მენეჯმენტის სფეროებში.
„მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების საკითხები, თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი უნივერსიტეტის მისიაა, განვავითაროთ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას, არამედ რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებასაც უზრუნველყოფს. ახალი სამაგისტრო პროგრამა გახდება პლატფორმა, სადაც ადგილობრივი გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა სინერგიულად შეერწყმება ერთმანეთს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის საერთაშორისო კომპონენტი – სამაგისტრო პროგრამის შემუშავება მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრთან თანამშრომლობით. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს ევროპული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გადმოტანას საქართველოში, არამედ ქმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩაერთოს ფართო საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით ქსელებში. სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ხელისუფლების წინდახედული ინიციატივისა და დაფინანსების წყალობით იქმნება გარემო, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის სრულიად უფასოდ. ამასთანავე, განსაკუთრებულად დასაფასებელია ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლების შრომა, რომლებიც ყოველდღიურად ავითარებენ ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ამ მნიშვნელოვან საქმეს და უზრუნველყოფენ მის პრაქტიკულ განხორციელებას. მთის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის შექმნა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ერთდროულად აძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, ხელს უწყობს ქვეყნის პრიორიტეტების რეალიზაციას და ამყარებს საერთაშორისო პარტნიორობას“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
პროექტის
ფარგლებში, მთის
მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე CIF სისტემების
ლაბორატორია და მთის მდგრადი განვითარების ცენტრი გაიხსნა, რომლებიც
ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ განათლებასა და კვლევებს.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...