სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს და  ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ოჯახურ სიმშვიდეს უსურვებს.

„ბატონო ბორის,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს!

თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილია. აქ დაიწყეთ სტუდენტობა, აქ გაიარეთ გზა ასისტენტიდან დეკანამდე და ათწლეულების განმავლობაში ემსახურეთ ქართველი ინჟინრების მომზადებას. ფაკულტეტის ხელმძღვანელობის თექვსმეტი წელი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, თუმცა სწორედ მაშინ შეძელით, ფაკულტეტზე შეგენარჩუნებინათ სიმშვიდე, საქმიანი ატმოსფერო და ზრუნვა სტუდენტებისა და კოლეგების მიმართ.

თქვენი ინიციატივით განახლდა და შეიქმნა ახალი სპეციალობები, ბოდბესა და წნორში გახსნილმა მოსამზადებელმა განყოფილებამ კი ქიზიყელ ახალგაზრდებს უნივერსიტეტისკენ გზა გაუხსნა. თქვენი პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება ათასობით კურსდამთავრებულისა და კოლეგისთვის დღესაც მაგალითია.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ბევრ სიხარულს თქვენი დიდი ოჯახის, მეგობრებისა და მოწაფეების გარემოცვაში“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ბორის ბოქოლიშვილმა 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1999 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1972 წლიდან იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1984-1986 წლებში ჯერ თბილისის ხის დამამუშავებელ კომბინატს, შემდეგ კი მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმოო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. 1989-2005 წლებში ხელმძღვანელობდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს, ამ პერიოდის ნაწილში კი ამავე სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს. იყო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო და პროფესორთა საბჭოების წევრი.

ბორის ბოქოლიშვილი 45 სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი კვლევების საფუძველზე დამუშავდა ვაზის ნასხლავისგან მერქნის ფილების წარმოების ტექნოლოგია, ასევე ქარის ელექტროსადგურის ტურბინის ფრთის დასამზადებელი იარაღი და ტექნოლოგია. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკულ საკითხთა კომისიის წევრი. 2003 წლიდან რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრია. დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით.


Related

Support

Why are you writing to us?