სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის – KATAMARAN – MedTech Bridge – ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ ჩენსტოხოვაში, იან დლუგოშის უნივერსიტეტში (Jan Długosz University) სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სტუ-ის დელეგაციას – ვიცე-რექტორის პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით და პროფესორების: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თალიკო ჟვანიას, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ ირინე გოცირიძისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ღურწკაიას შემადგენლობით – მასპინძლობდნენ იან დლუგოშის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, პროფესორი მარჩინ სოსნოვსკი, დოქტორი კაროლინა გრაბოვსკა, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, NAWA-ს მიერ დაფინანსებული KATAMARAN – MedTech Bridge პროექტი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს ქმნის.

ვიცე-რექტორის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორებთან და მკვლევრებთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და Welcome Centre-ის თანამშრომლებთან, ასევე COLOURS European Universities Alliance-ის გუნდის წევრებთან. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, შეხვედრების მთავარი თემა იყო KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის განხორციელების ეტაპები, მისი ძირითადი მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, პარტნიორი უნივერსიტეტების როლი და სამომავლო საქმიანობის მიმართულებები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, KATAMARAN – MedTech Bridge პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის აერთიანებს განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების იმ მიმართულებებს, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლებისა და კვლევების განვითარების სტრატეგიულ საფუძველს წარმოადგენს.

იან დლუგოშის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრები იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა პროექტის განხორციელების ეტაპები, პარტნიორი უნივერსიტეტების ფუნქციები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიოსამედიცინო და სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის განვითარების პერსპექტივებს, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და ჩაერთონ მულტიკულტურულ აკადემიურ გარემოში.

ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის გაფართოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის საფუძველს უნივერსიტეტებში ცოდნის ტრანსფერის, ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებისა და ევროპულ კვლევით ქსელებში აქტიური ინტეგრაციისთვის.

დარწმუნებული ვარ, MedTech Bridge არა მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ პოზიციებს, არამედ ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ახალი თაობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების, ისე ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროგრესისთვის“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია დეტალურად გაეცნო იან დლუგოშის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკას, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმებსა და Welcome Centre-ის საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა ადაპტაციის, აკადემიური ინტეგრაციისა და საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის ეფექტიანი მოდელების განხილვას. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის – COLOURS წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალმხრივ გაფართოების, ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებში ჩართვის, ასევე ევროპული საუნივერსიტეტო ქსელების ფარგლებში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ფაკულტეტი, Collegium Medicum, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ასევე სტუდენტური საცხოვრებელი კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევით და სტუდენტურ ინფრასტრუქტურას, რიტაც უზრუნველყოფილია სწავლებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები.

შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეებმა ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში განავითარონ გრძელვადიანი ინსტიტუციური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობა მოიცავს ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტენსიფიკაციას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, ასევე საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას. ამას გარდა, მხარეთა შეთანხმებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს იან დლუგოშის უნივერსიტეტის დელეგაციას, რაც KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის გაგრძელებასა და თანამშრომლობის პრაქტიკული ეტაპების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?