სტუ-ის სტუდენტი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის”, სტუდენტმა გიორგი ბოხოჩაძემ, კონფერენციაში – Startup Grind, მონაწილეობა მიიღო.
კონფერენცია სილიციუმის ველზე (Silicon Valley), კალიფორნიის შტატში გაიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტარტაპების დამფუძნებლები, ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, მკვლევრები და ინოვაციების სფეროს ლიდერები გააერთიანა. ღონისძიება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და საკუთარი იდეები გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემას გააცნონ.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გიორგი ბოხოჩაძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ პანელურ დისკუსიებში, შეხვედრებსა და ნეთვორქინგ ღონისძიებებში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, სტარტაპების განვითარების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა.
პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ღონისძიებამ სტუ-ის მაგისტრანტს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას, დაემყარებინა კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ინოვატორებთან და პროფესიონალებთან, ასევე, წარმოეჩინა საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი.
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ღონისძიებებში. გიორგი ბოხოჩაძის მონაწილეობა Startup Grind-ის კონფერენციაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ სივრცეში და მზად არიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ. ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის“, სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის თეორიულ ცოდნას, არამედ საერთაშორისო გარემოში საქმიანობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
გვახარებს, რომ ჩვენი სტუდენტები ღირსეულად წარმოადგენენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც Startup Grind-ია. ეს გამოცდილება გიორგის დაეხმარება პროფესიული ხედვის გაფართოებაში, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებასა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში. ვულოცავ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ მომავალშიც ღირსეულად წარმოადგინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდენტის ვიზიტი დააფინანსა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ”.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
მაგისტრანტ გიორგი ბოხოჩაძის თქმით, Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც თბილისში გამართულ Startup Grind Pitch Battle Royale: Georgia-ს შეუერთდა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი განმარტებით, აღნიშნული შეჯიბრება ახალგაზრდა მეწარმეებსა და ინოვატორებს საკუთარი იდეებისა და პროექტების წარდგენის, ექსპერტებისა და ინვესტორებისგან შეფასების მიღებისა და საერთაშორისო სტარტაპეკოსისტემასთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს. გამარჯვებამ კი მას გზა გაუხსნა Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამფუძნებლებთან, ინვესტორებთან, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და ინოვაციების სფეროს ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიიღო.
გიორგი ბოხოჩაძის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გაცნობოდა თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, გაეფართოებინა პროფესიული კონტაქტების ქსელი და გაეზიარებინა საკუთარი ხედვები საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
„Startup Grind Pitch Battle Royale: Georgia-ში გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. სწორედ ამ წარმატების შედეგად მივიღე მიწვევა Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს, მომესმინა მათი გამოცდილებისთვის და დამემყარებინა ახალი პროფესიული კავშირები. ეს გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული იყო როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. და ბოლოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, საერთაშორისო აღიარებასა და ისეთი ახალგაზრდების აღზრდას, რომლებიც ჩვენს სამშობლოს გლობალურ ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ”.
– სტუდენტი გიორგი ბოხოჩაძე
ინფორმაციისთვის: Startup Grind არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი სტარტაპ-კომუნიტეტი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა მეწარმეების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ლიდერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. დღეს ის აერთიანებს მილიონობით წევრს, ასობით ქალაქსა და 120-ზე მეტ ქვეყანას.
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
