სტუ-ის წარმომადგენლებმა ავსტრიაში AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, კომპანია RMG-ის მხარდაჭერით, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტში (Montanuniversität Leoben), სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში, მინერალური რესურსების განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (AMRD – Advanced Mineral Resources Development) შერჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს.

AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ავსტრიის ლეობენის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პეტერ მოზერი ხელმძღვანელობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრის რანგში, მსოფლიოს წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხეცურიანი და A კატეგორიის პროფესორი თორნიკე ლიპარტია, ხოლო AMRD პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში სტუ-თან პარტნიორობით ჩართული იყო კომპანია RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომის მონაწილე საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრმა ორგანიზაციებმა – Montanuniversität Leoben (ავსტრია), TU Bergakademie Freiberg (გერმანია), Instituto Superior Técnico (პორტუგალია), Universidad Politécnica de Madrid (ესპანეთი),  Dnipro University of Technology (უკრაინა), McGill University (კანადა), UFRGS (ბრაზილია), CUMTB (ჩინეთი), IIT (ISM) Dhanbad (ინდოეთი), ASKTU (ყაზახეთი), NSUMT და UGS (უზბეკეთი), University of Mines and Technology (განა) – არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

განხილვის მთავარი თემები იყო თანამედროვე სამთო და გეოლოგიური საინჟინრო განათლების განვითარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტური და სამეცნიერო მობილობის გაფართოება, ასევე, ინდუსტრიასთან ინტეგრირებული პრაქტიკული სწავლების გაძლიერება. შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სამთო ტექნოლოგიების დანერგვასა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ერთობლივ განხორციელებაზე, რაც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პროფესორ გიორგი ხეცურიანის განცხადებით, ლეობენის სამთო უნივერსიტეტში ვიზიტისას, რომელიც ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის  ფარგლებში დაიგეგმა, რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება იქნა მიღწეული, რაც  პრაქტიკულად ადასტურებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის რეალურ შედეგებს.

„პირველი – AMRD პროგრამაში მოხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული ინტეგრაცია და ლეობენის სამთო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თომას პროჰასკას ოფიციალური მიწვევით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროგრამის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება ეხება ავსტრიულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაფართოება-განვითარებას სამთო-გეოინჟინერიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. რაც შეეხება მესამე შეთანხმებას, ის აქტიურ დიპლომატიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოს ელჩთან ავსტრიაში – ბატონ ალექსანდრე მაისურაძესთან. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სივრცეში ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიპლომატიური მხარდაჭერა აღუთქვა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, სამთო და გეოინჟინერიის მიმართულებით, უკვე ძლიერ პოზიციებს იკავებს და ევროპულ უნივერსიტეტებთან თუ კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის ფორმატში ერთვება. ახალი სტრატეგიული შეთანხმებები მეტად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინჟინრო განათლების გაძლიერებას“.

  – პროფესორი გიორგი ხეცურიანი

როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის A კატეგორიის პროფესორი თორნიკე ლიპარტია ამბობს, ავსტრიაში სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებიც აკადემიურ მომზადებას ამჟამად ლეობენის სამთო უნივერსიტეტში გადიან. მისი თქმით, სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ და სტუ-ის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა – გეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ვახტანგ ბლუაშვილმა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ნიჭიერი სტუდენტი ევროპაში მოწინავე ლეობენის სამთო უნივერსიტეტში სწორედ ამ ავსტრიული სპეციალიზირებული უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსებით ეუფლება ცოდნას. ახალგაზრდებისგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესების შესახებ და, რაც მთავარია, განვიხილეთ მათი სამომავლო დასაქმების პერსპექტივა სამთო-მომპოვებითი დარგის ლიდერი კომპანიის – RMG-ის მაღალტექნოლოგიურ პროექტებში”.

  – პროფესორი თორნიკე ლიპარტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, რომლებშიც საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სამთო სკოლის მჭიდრო კავშირს ევროპულ საგანმანათლებლო ტრადიციებთან, ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორობა გერმანიის ფრაიბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან.

ისტორიულ ჭრილში საუბარი შეეხო ისეთ ცნობილ ქართველ მეცნიერებს, როგორიცაა: ქართული სამთო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე, რომელიც ლეობენის სამთო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო; ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც პროფესიულ პრაქტიკას გეტინგენის უნივერსიტეტში გადიოდა; შეაფასეს კონსტანტინე აბაშიძის, გიორგი ნიკოლაძისა და ირაკლი წერეთლის მოღვაწეობა, რომელთა ევროპულმა გამოცდილებამ გარდამტეხი როლი ითამაშა ქართული საინჟინრო დარგების განვითარებაში.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა, უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, 2026 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ სამთო-გეოლოგიის დარგის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ინდუსტრიულ ფორუმზე მიიწვიეს.

აღნიშნული ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით საუნივერსიტეტო სივრცეში გაიმართება.

 


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

„კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ – საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Rotterdam University of Applied Sciences, ჰოლანდია) პროფესორმა...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ აშშ-ში საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ფორუმში – ABET Symposium 2026 – მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ რალში იმყოფებოდა, სადაც საინჟინრო და კომპიუტერული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციისა...

საერთაშორისო ვიზიტები

მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს ლექციათა ციკლი ჩაუტარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა  იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ...

საერთაშორისო ვიზიტები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, 25-31 მარტს, სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შესაძლებლობა...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაცია Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სლოვენიაში, მარიბორის უნივერსიტეტში (University of Maribor, MU), Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?