სტუ-სა და ბსუ-ს სტუდენტები ონლაინ ლაბორატორიულ სასწავლო პროცესს ერთობლივად ესწრებიან


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში თანამედროვე ლაბორატორიულ სასწავლო პროცესში არიან ჩართულნი. ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში გადიან ლაბორატორიულ სწავლებას, რაც საშუალებას აძლევთ, დისტანციურად დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, პრაქტიკულ უნარებსა და საინჟინრო მიმართულებებისათვის აუცილებელ ცოდნას.

სტუ-სა და ბსუ-ს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსების ეფექტიან გაზიარებას, სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკული სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვას. როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აცხადებს, ლაბორატორიული კომპლექსის უნიკალური ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში ჩაერთონ ექსპერიმენტებში, დააკვირდნენ პროცესებს, შეასრულონ პრაქტიკული დავალებები და მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები აკადემიური პერსონალისგან.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ონლაინ ლაბორატორიული სწავლების ფორმატი ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. ამავდროულად, ის აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის, ქმნის გამოცდილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას თანამედროვე საინჟინრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

„პროექტი წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მაგალითს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ტერიტორიული დაშორების მიუხედავად, მიიღონ ერთიანი, მაღალი ხარისხის პრაქტიკული განათლება და ჩაერთონ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში. ასეთი ფორმატის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, როდესაც დისტანციური სასწავლო პლატფორმები და ლაბორატორიული სისტემები განათლების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად იქცა. დისტანციური საინჟინრო განათლება ხელს უწყობს სტუდენტებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა დამოუკიდებელი მუშაობა, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, დისტანციური კომუნიკაცია, მონაცემთა ანალიზი და ქსელურ გარემოში თანამშრომლობა.

სწორედ ეს უნარები წარმოადგენს თანამედროვე საინჟინრო პროფესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას. დისტანციური საინჟინრო განათლების აქტუალობა განისაზღვრება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, თანამედროვე ინდუსტრიული გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობის, უნივერსიტეტებს შორის რესურსების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების და მომავალი ინჟინრებისათვის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროფესიული კომპეტენციების ფორმირების აუცილებლობით. დისტანციური საინჟინრო განათლების აქტუალობა განპირობებულია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებით, ასევე უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და მოქნილობის ზრდის საჭიროებით. ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში საინჟინრო საქმიანობა სულ უფრო მეტად ეფუძნება დისტანციურ მონიტორინგს, ავტომატიზებულ მართვას, ღრუბლოვან სერვისებს, კიბერფიზიკურ სისტემებს. შესაბამისად, მომავალი ინჟინრების მომზადება მოითხოვს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ასახავს თანამედროვე ინდუსტრიული საქმიანობის რეალურ პირობებს“.

  – პროფესორი თამარ წერეთელი

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორის, ლევან იმნაიშვილის თქმით, დისტანციური საინჟინრო სწავლება სწრაფად ვითარდება, თუმცა მისი პოპულარობა განსხვავდება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების მიხედვით. თუ ბიზნესის, IT-ის ან ჰუმანიტარული მიმართულებების სრულად ონლაინ პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული, საინჟინრო განათლებაში დისტანციური სწავლების განვითარება უფრო ფრთხილად მიმდინარეობს, რადგან ინჟინერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაბორატორიულ და პრაქტიკულ საქმიანობას უკავშირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების განხორციელება საინჟინრო დარგებში უფრო რთულია, ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დისტანციური და ჰიბრიდული საინჟინრო პროგრამების გამოყენება. დღეს დისტანციური საინჟინრო სწავლების ელემენტები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში.  დისტანციურ სწავლებას აქვს მნიშვნელოვანი ხიბლი. სწორედ დისტანციური საინჟინრო სწავლების მეთოდების და ტექნოლოგიების განვითარებას და საქართველოში დანერგვას ემსახურებოდა CIF–ის საგრანტო პროექტი „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“, რომელიც განახორციელა კონსორციუმმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით. პროექტის მთავარი შედეგი შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არის დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის განხორციელების ტექნოლოგია.

შექმნილმა ტექნოლოგიამ საშუალება მისცა რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტებს ზიარებოდნენ სტუ–ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის IT ლაბორატორიის ფართო შესაძლებლობებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მაღალ ტექნოლოგიებთან (განსაკუთრებით გამოვყოფდით SCADA და IoT ტექნოლოგიებს) შეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების“ პროგრამის სტუდენტებისათვის იმდენად, რომ სტუდენტების მიმდინარე ნაკადი დღესაც აგრძელებს დისტანციურ ექსპერიმენტებს ჩვენს IT ლაბორატორიაში.რა იქნება ხვალ? განხორციელებული ტექნოლოგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის  საშუალებას იძლევა გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა მიუხედავად სტუდენტის გეოგრაფიული ლოკაციისა (ეს ამარტივებს და აიაფებს სტუდენტურ ცხოვრებას), სტუდენტებისათვის შესაძლებელი გახადოს სამუშაოსა და სწავლის რეალური შეთავსება (მოთხოვნად სპეციალობებზე კომპანიაში დასაქმებული სტუდენტის დასწრება მეცადინეობებზე უკვე ძალიან რთული ხდება),  გაუზიაროს სხვა უნივერსიტეტებს თავისი ლაბორატორიული რესურსები (ტექნიკურ უნივერსიტეტს მდიდარი ლაბორატორიული რესურსი აქვს), შემოიღოს ჰიბრიდული სწავლება (სტუდენტები თვითონ ირჩევენ დასწრებულ და დისტანციურ კურსებს), შემოიღოს დისტანციური საკონსულტაციო საათები.

  – პროფესორი ლევან იმნაიშვილი


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც  უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 700-ზე მეტი...

სტუდენტური აქტივობები

სტუდენტები, სასწავლო კომპონენტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიასა და პროფესორ ნინო გოგნიაშვილის...

სტუდენტური აქტივობები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა - ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, მენეჯერი ავთანდილ ადეიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები...

სტუდენტური აქტივობები

სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტი) პროფესორ ზურაბ გუდავაძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის რექტორი – წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

„ისეთი მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებით, როგორიცაა „სტუდფესტი-2026”, სახელმწიფო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ, სპორტში, განათლებასა და კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?