სტუ-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება ოსაკას მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე (Osaka Expo 2025) მორიგი წარმატებისთვის დააჯილდოვეს. მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა-ფორუმი ექვსი თვის განმავლობაში, 13 აპრილიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მასზე ჩვენი ქვეყანა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა.
საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიურმა ცენტრმა (ISTC) ქართულ-იაპონური სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით წარდგენილ საგრანტო პროექტს – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით“ – უმაღლესი შეფასება მისცა და ოსაკას ექსპოზე მისი პრეზენტაცია საკუთარ პავილიონში, ცენტრის მიერ დაფინანსებულ გამორჩეულად წარმატებულ სამ პროექტთან ერთად გამართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ISTC-ის ხელმძღვანელობამ ქართულ-იაპონურ კვლევით კოლაბორაციას უმაღლესი შეფასება მისცა და იაპონიის მთავრობასთან შეთანხმებით, ოსაკას გამოფენა-ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ორი ქართველი მეცნიერის ვიზიტი დააფინანსა. ვიცე-რექტორის თქმით, Osaka Expo 2025-ში სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ვახტანგ ჟღამაძემ და ნათია მარგიანმა მონაწილეობა მიიღეს.
„ოსაკაში, მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა-ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერთა ჯგუფის წარმატება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ ერთი თვალსაჩინო დემონსტრაციაა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და თავისი კვლევითი შესაძლებლობებით, საგრანტო პროექტის შესრულების მაღალი ხარისხით დამსახურებული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საგრანტო პროექტი, რომელიც კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესებას ეხება, პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალურ გამოწვევებს. ის ფაქტი, რომ ISTC-მა სწორედ ამ პროექტს მიანიჭა უმაღლესი შეფასება და წარადგინა ოთხ გამორჩეულ ნამუშევარს შორის, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა შრომა სრულად შეესაბამება უმაღლეს თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტს და ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზარდ როლს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო კვლევით სივრცეში.
მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ოსაკას ექსპოზე მოპოვებული კიდევ ერთი აღიარება ამაღლებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციას, ზრდის ნდობას ქართული მეცნიერების მიმართ და რაც ასე მნიშვნელოვანია, ქმნის მყარ საფუძველს ახალი კვლევითი კოლაბორაციებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თაოსნობით, აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების წარმართვისა და ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების უნარი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს,“ – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
საგრანტო პროექტის – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით” – უცხოელი კოლაბორატორია ცნობილი იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მასატოში ტაკედა. ქართველ მეცნიერებთან წარმატებული თანამშრომლობის ნიშნად, გასულ წელს საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა პროფესორ ტაკედას სამეცნიერო ვიზიტი საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე – GTUnano2024 – დასასწრებად. იაპონელმა მეცნიერმა წარადგინა პრეზენტაცია და ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა აგრეთვე ესტუმრა სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტს და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია დაათვალიერა.
ISTC-ის ოფისის ინიციატივით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში პროფესორ ტაკედასთან ერთად მომზადდა Osaka Expo 2025-ზე წარსადგენი პრეზენტაციის ორენოვანი (ინგლისური და იაპონური) ვერსიები. ISTC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციას გამოფენის დამსწრე ბიზნეს და სამეცნიერო წრეების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად.
Osaka Expo 2025-ზე, ასევე, წარმატებული სამეცნიერო გუნდების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ქართველი მეცნიერები დაჯილდოვდნენ მაღალი გემოვნებით შესრულებული „აღიარების სერტიფიკატით“, რომელიც Osaka Expo 2025-ზე იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენელს – ნათია მარგიანს გადასცა.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...