მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს ლექციათა ციკლი ჩაუტარა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების საფუძველზე, მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა ლინო ბიანკომ საჯარო ლექცია ჩაატარა.

პროფესორ ბიანკოს ლექციების სერია ფართო თემატიკას მოიცავდა და შეეხებოდა როგორც ანტიკური არქიტექტურული აზროვნების საფუძვლებს – კერძოდ, რომაელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის, ვიტრუვიუსის ნაშრომებს, ისე თანამედროვე არქიტექტურული დისკურსის ცენტრალურ საკითხებს. მათ შორის აღსანიშნავია არქიტექტურულ ღირებულებათა სისტემა და უნივერსალური დიზაინის პრინციპები.

სტუ-ის სასწავლო სტუდია-სახელოსნოს – „არქიტექტურის პოეტიკა“ – ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესორ ლინო ბიანკოს ლექციათა ციკლი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მიმდინარე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების, კონცეფციებისა და კვლევითი მიმართულებების გაცნობას. პროფესორ დავით ბოსტანაშვილის თქმით, მსგავსი ფორმატის აკადემიური შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, არქიტექტურის ისტორიულ-თეორიული საფუძვლების გააზრებასა და თანამედროვე დიზაინის პრაქტიკებთან მათი ინტეგრაციის პროცესში.

„ლექციების სერია გამოირჩეოდა ინტერდისციპლინური მიდგომით. კლასიკური არქიტექტურული თეორიის საკითხები, მათ შორის ვიტრუვიუსის პრინციპები, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულებებისა და უნივერსალური დიზაინის კონცეფციებთან იყო დაკავშირებული. ასეთმა მიდგომამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა არქიტექტურა განეხილათ როგორც დინამიკური და მრავალშრიანი კულტურული ფენომენი.

პროფესორ ლინო ბიანკოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მალტის უნივერსიტეტს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესში. 2022 წლიდან პროფესორი ბიანკო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სადოქტორო პროგრამის რეცენზენტია; უფრო ადრე კი, 2015 წელს, არქიტექტურულ განათლებასა და პრაქტიკაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა მას საპატიო პროფესორის (Professor Honoris Causa) წოდება მიანიჭა. ამ ტიტულს ფლობენ ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე არქიტექტორები, როგორებიც არიან: კიშო კუროკავა, იუსტუს დაჰინდენი, დანიელ ლიბესკინდი და რიჩარდ ინგლენდი. ლინო ბიანკოს კანდიდატურა ამ წოდებაზე წარადგინა საქართველოს წამყვანმა არქიტექტორმა, აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ, რომელმაც მოგვიანებით მის შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა“.

– პროფესორი დავით ბოსტანაშვილი

პროფესორ ლინო ბიანკოს ვიზიტს, ამავე მობილობის ფარგლებში, წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი მალტის უნივერსიტეტში, კერძოდ – არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ბოსტანაშვილმა მალტის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ლექციების ციკლი ჩაატარა თემაზე – „არქიტექტურის პოეტიკა“. ლექციების თემატიკა მოიცავდა შესავალს, არქიტექტურის პოეტიკის ისტორიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არქიტექტურის პოეტიკის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვას.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურმა კურსმა – „არქიტექტურის პოეტიკა“, რომელიც პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის სწავლების ორიგინალური მეთოდით არის შემუშავებული, საერთაშორისო დაინტერესება არაერთხელ გამოიწვია. 2015 წლიდან სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტთან, ხოლო პროფესორმა, ლინო ბიანკომ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში არაერთი სტატია მიუძღვნა იმ ორიგინალურ აკადემიურ კურსს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?