საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  (პრეზიდენტი) პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, განაცხადა.

ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (2021-2027) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის – „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის – ALGAEREVIVE“ –  ეგიდით, ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და პროექტის კოორდინატორმა საქართველოდან, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.

„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ეძღვნება არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, არამედ იმ ფუნდამენტური გამოწვევების გააზრებას, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური გამოწვევაა, რომლის შედეგები უკვე მკაფიოდ აისახება როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. შავი ზღვა წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ სისტემას, რომლის მდგრადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატურმა ცვლილებებმა, ანთროპოგენულმა ზეწოლამ და მზარდმა გარემოსდაცვითმა რისკებმა ახალი გამოწვევები შექმნა ზღვის ეკოსისტემებისთვის. სწორედ ამიტომ, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.

– პროფესორი გივი გავარდაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა,   თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანი მართვა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. კლიმატის ცვლილებას არ გააჩნია სახელმწიფო საზღვრები. შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ლოკალური. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, სამეცნიერო ცოდნის ინტეგრირებითა და საერთო პასუხისმგებლობით შევძლებთ შევინარჩუნოთ შავი ზღვის ეკოსისტემა მომავალი თაობებისთვის.

„კონფერენცია ტარდება ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის –  „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის –  ALGAEREVIVE“ –  ეგიდით. ეს პროექტი ნათლად ასახავს თანამედროვე ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას ინოვაციებზე, კვლევებსა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცენარეების, როგორც ეკოლოგიური და ეკონომიკური რესურსის, კვლევა. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა მათ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ როგორც ეფექტიან მექანიზმს წყლის ეკოსისტემების აღდგენის, ნახშირბადის სეკვესტრაციის, ბიოპროდუქტების წარმოებისა და მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის.

სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომები ქმნის საფუძველს იმ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვანი ქვეყანა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს რეგიონში ეკოლოგიური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი –  აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და დიდი წვლილი შეაქვს საერთო მიზნების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული მოხსენებები, დისკუსიები და სამეცნიერო შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების პირობებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში“.

– პროფესორი ზურაბ გუდავაძე

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 40-მა წამყვანმა დელეგატმა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება წარმოდგენილი იყო უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის წამყვანი ინსტიტუციებით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შავი ზღვის აკადემიისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეცნიერები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) ექსპერტები.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში

29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა...

კონფერენციები და სემინარები

საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში

28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული...

კონფერენციები და სემინარები

რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტების მომზადების ტრენინგი სტუ-ში

20 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, პრაქტიკული ტრენინგ-სემინარის „რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება –...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?