სტუ-ის დელეგაციამ აშშ-ში საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ფორუმში – ABET Symposium 2026 – მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ რალში იმყოფებოდა, სადაც საინჟინრო და კომპიუტერული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციისა და უწყვეტი გაუმჯობესების თანამედროვე სტანდარტებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ფორუმში – ABET Symposium 2026 – მიიღო მონაწილეობა.
სიმპოზიუმი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) ორგანიზებით ჩატარდა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ შედეგებზე დაფუძნებული განათლების (Outcome-Based Education) დანერგვის, პროგრამების შეფასებისა და ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების ინოვაციური მიდგომები STEM მიმართულებებში.
სტუ-ის დელეგაციის წევრები იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული ლიდერები – საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ვიცე-რექტორი, კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, A კლასის ასოცირებული პროფესორი მანუჩარ შიშინაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ჩუბინიძე.
სტუ-ის ვიცე-რექტორის შეფასებით, ABET Symposium 2026-ში უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ორიენტირებულია გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავებაზე, ხარისხის მართვის სისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის პრაქტიკებთან ჰარმონიზაციაზე.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სიმპოზიუმში ჩართულობა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაეცნოს ABET-ის უახლეს მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს, არამედ აქტიურად ჩაერთოს პროფესიულ დიალოგში, რომელიც განსაზღვრავს საინჟინრო და კომპიუტერული განათლების განვითარების თანამედროვე ტრენდებს. მისივე თქმით, აღნიშნული გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ემზადება ABET-ის ექსპერტთა ვიზიტისთვის კომპიუტერული აკრედიტაციის (Computing Accreditation Commission) და საინჟინრო აკრედიტაციის (Engineering Accreditation Commission) კომისიებიდან, რაც საჭიროებს როგორც აკადემიური პროგრამების შინაარსობრივ დახვეწას, ისე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ გაძლიერებას.
პროფესორი თამარ ლომინაძე ასევე განმარტავს, რომ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ქმნის საფუძველს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის პროფესიული კაპიტალის ზრდისთვის, რაც პირდაპირ აისახება სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ფორმირებასა და უნივერსიტეტის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.
„ABET-ის საერთაშორისო სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა გამოცდილების გაზიარებისა და იმ საუკეთესო პრაქტიკების გაცნობისთვის, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე საინჟინრო და კომპიუტერული განათლების ხარისხის სტანდარტებს. ABET-ის ექსპერტებთან და კოლეგა უნივერსიტეტებთან უშუალო კომუნიკაციის პროცესი გვაძლევს საშუალებას მეტად დავხვეწოთ საგანმანათლებლო პროგრამები და დავნერგოთ შედეგებზე გათვლილი სწავლების მოდელები.
დღეს, როდესაც უნივერსიტეტი ემზადება ABET-ის კომპიუტერული და საინჟინრო აკრედიტაციის კომისიების ექსპერტთა ვიზიტისთვის, მსგავსი საერთაშორისო ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვანი ნაწილი, სადაც სტუდენტებს ექნებათ წვდომა გლობალურად აღიარებულ საინჟინრო განათლებაზე“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას აცხადებს, რომ ABET Symposium 2026-ში მონაწილეობა მიზანმიმართულად იყო ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ექსპერტული გამოცდილების გაზიარებაზე, განსაკუთრებით მულტიპროგრამული აკრედიტაციის ვიზიტების ეფექტიანი დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც უნივერსიტეტი ABET-ის ექსპერტთა ჯგუფის მისაღებად ემზადება, რაც მოითხოვს ადმინისტრაციული და აკადემიური პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებას, შიდა მექანიზმების ოპტიმიზაციას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ეფექტიან სინქრონიზაციას.
„უნივერსიტეტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მულტიპროგრამული აკრედიტაციის პროცესს შევხვდეთ მაქსიმალურად ორგანიზებულად და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ABET Symposium 2026-ში მიღებული გამოცდილება გვეხმარება დავხვეწოთ აკადემიური პროგრამების შინაარსობრივი მხარე და ადმინისტრაციული მართვის პროცესები, რაც აკრედიტაციის წარმატებით გავლას განაპირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკული მიდგომების გაზიარება, რომლებიც უკავშირდება ერთდროულად რამდენიმე პროგრამის შეფასების პროცესის მართვას, უნივერსიტეტის შიდა რესურსების სათანადო მობილიზებას და ექსპერტთა ჯგუფთან ეფექტიან კომუნიკაციას. შეძენილი გამოცდილება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, სისტემურად გავაძლიეროთ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებდეს ABET-ის თანამედროვე მოთხოვნებს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორისა და სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET სიმპოზიუმში მონაწილეობით უნივერსიტეტი აღრმავებს შესაბამისობას ABET-ის თანამედროვე სტანდარტებთან და აძლიერებს ხარისხის უზრუნველყოფის კულტურას. მისივე თქმით, სიმპოზიუმის თემატიკა – მათ შორის შედეგებზე დაფუძნებული განათლების მოდელები, სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები და უწყვეტი გაუმჯობესების ინსტრუმენტები – უკავშირდება სწორედ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აკრედიტაციის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ABET სიმპოზიუმი ეს არის შესაძლებლობა დავაზუსტოთ შეფასების მეთოდოლოგიები, გავაუმჯობესოთ სწავლის შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და უზრუნველვყოთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამები სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას უკვე აქვს ABET აკრედიტაცია, რაც ერთგვარი ხარისხის ნიშნულია და ამავე დროს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მიღწეული შედეგები. რეაკრედიტაციის პროცესი არ არის მხოლოდ ფორმალური შეფასება, ის გულისხმობს პროგრამის სისტემურ ანალიზს, შიდა მექანიზმების დახვეწას და მუდმივ პროგრესს. ამასთანავე, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სხვა საინჟინრო და კომპიუტერული პროგრამების წარმატებული ჩართვა აკრედიტაციის პროცესში, რაც საბოლოოდ განაპირობებს ინსტიტუციური ხარისხის ერთიანი სტანდარტის ფორმირებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერებას“.
– პროფესორი ირინე გოცირიძე
მსგავსი
მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს ლექციათა ციკლი ჩაუტარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ...
სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, 25-31 მარტს, სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შესაძლებლობა...
სტუ-ის მეცნიერთა დელეგაცია Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სლოვენიაში, მარიბორის უნივერსიტეტში (University of Maribor, MU), Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და...
სტუ-ის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი იტალიაში Erasmus+ საგრანტო პროექტის GreenEngin ფარგლებში
9-13 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ GreenEngine პროექტის ფარგლებში, იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა მწვანე ტექნოლოგიებისა და...
სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და...
