„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ – სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა.
ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის (ყოფილი მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა) დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები. ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ვაჟი – პოლიტიკოსი და ფინანსისტი ირაკლი ჩოგოვაძე, სტუ-ის იუნესკოს კათედრის კოორდინატორი, კულტურის პოლიტიკის, კულტურის კვლევებისა და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, თეატრმცოდნე – პროფესორი ლევან ხეთაგური და რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი დავით საყვარელიძე.
ფორუმი, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე გამოწვევები, ინოვაციური მიდგომები, ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარების ისტორია. მისივე თქმით, გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი სკოლა შექმნა, რომელმაც არაერთი წარმატებული მეცნიერი და სპეციალისტი აღზარდა.
„მსოფლიო დღეს განვითარების ახალ ეტაპზეა, სადაც ციფრული ტექნოლოგიები ტექნიკური პროგრესის, სახელმწიფოების ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალური განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ხელოვნური ინტელექტი, დიდ მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება, პროგრამული ინჟინერია, ავტომატიზებული მართვის სისტემები და ციფრული კომუნიკაციები ქმნის იმ რეალობას, რომელიც აკადემიური სივრცისგან მოითხოვს მუდმივ განახლებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და ინოვაციური ხედვების განვითარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფორუმები, რომლებიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, დარგის სპეციალისტებსა და ახალგაზრდებს, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გააზრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ფორუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის ეძღვნება აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 55 წლის იუბილეს.
გოჩა ჩოგოვაძის სახელი გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების ისტორიაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მართვის ავტომატიზებული სისტემების, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნებოდა არა მხოლოდ მაღალ პროფესიონალიზმსა და ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიური ხედვების ჩამოყალიბების უნარსაც. გოჩა ჩოგოვაძემ შექმნა ძლიერი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც არაერთი წარმატებული მკვლევარი და ინჟინერი აღზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ახალგაზრდა თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტი, რომელიც უკვე 55 წელია ემსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებას“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის შეფასებით, დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში ცხოვრობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მემკვიდრეობის დაფასება, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარებას. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ფორუმი ქმნის იმ მნიშვნელოვან სამეცნიერო-აკადემიურ გარემოს, რომელიც მეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს ხელს უწყობს პროფესიული დიალოგის წარმართვასა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაში.
„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ინტელექტუალურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, რომელიც გამორჩეულმა მეცნიერებმა დაგვიტოვეს – მათ შორისაა აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე. ამავე დროს, აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნებთან თანხვედრაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა და ინოვაციური პროექტები, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც დარჩეს ქვეყნის ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
სამეცნიერო ფორუმის – „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ – ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – პროფესორ გია სურგულაძის ავტორობით გამოცემული წიგნების გამოფენა დაეთვალიერებინა.
მსგავსი
პირველი ქართული დრონის პროტოტიპი სტუ-ში
„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და...
რექტორმა სტუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორები ოქროს მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...
ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) პროფესიული მომზადების პროგრამა ქართველი მეცნიერებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი თამრიკო ხობელია The University of Texas at...
სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის...
სტუ-ის მეცნიერი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენებით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი,...
სტუ-ის რექტორი სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში...
