სტუ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE – Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის ენერგეტიკის, ინჟინერიისა და კვლევის მიმართულებით სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ენერგეტიკის სფეროში CIGRE-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ათასობით პროფესიონალსა და ექსპერტს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან და 1250 წევრ ორგანიზაციას – მათ შორის წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ენერგოინდუსტრიის მძლავრ მოთამაშეებს.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობას, მეცნიერ-მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში მათ სამომავლო ინტეგრაციასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CIGRE-ის წევრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ამავე დროს, ახალი ეტაპია საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაფართოების კუთხით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ენერგეტიკის ფაკულტეტს, ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს. სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის საუკუნოვანმა ტრადიციამ და ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ხელშეწყობამ შექმნა მყარი საფუძველი საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
აღსანიშნავია, რომ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 61 ეროვნულ კომიტეტს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ინდუსტრიების, ასევე, დარგის პროფესიონალთა და ექსპერტთა ტექნიკური ხედვები და გამოცდილება მაღალ დონეზე მუშავდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ CIGRE-ი ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საგანმანათლებლო-კვლევით პროგრამას. პროგრამა მოიცავს 16 მიმართულებას და მაღალი კლასის პროფესიონალებითა და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ 250-ზე მეტ სამუშაო ჯგუფს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის ენერგოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. პროგრამა ასევე მოიცავს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხები და თემები ორ წელიწადში ერთხელ განიხილება „პარიზის სესიაზე“, რომელიც ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი მრავლისმომცველი საერთაშორისო კონგრესია.
დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აღნიშნავს, CIGRE-ში გაწევრიანებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად ინტერგრირდებიან ენერგეტიკის საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.
„CIGRE-ის წევრობით ჩვენი სტუდენტები, მეცნიერ-მკვლევრები და პედაგოგები მიიღებენ წვდომას საერთაშორისო კვლევით რესურსებსა და იმ საუკეთესო პრაქტიკებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სამუშაო ჯგუფებსა და პროფესიულ დისკუსიებში, ერთობლივ კვლევით პროექტებში, ასევე, იმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო მიმართულებებზე. ასეთი პარტნიორობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკოსების მომზადებას, მეორე მხრივ კი – საქართველოში ენერგეტიკის სექტორის ინოვაციურ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დარგის დაახლოებას“.
– პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე
ცნობისათვის, დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო (CIGRE – Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) 1921 წელს პარიზში (საფრანგეთი) დაარსდა. 100 წლის განმავლობაში CIGRE-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ენერგოსისტემის ძირითადი ტექნიკური საფუძვლების ჩამოყალიბება-განვითარებაში.
მსგავსი
„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ – სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი...
პირველი ქართული დრონის პროტოტიპი სტუ-ში
„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და...
რექტორმა სტუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორები ოქროს მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...
ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) პროფესიული მომზადების პროგრამა ქართველი მეცნიერებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი თამრიკო ხობელია The University of Texas at...
სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის...
სტუ-ის მეცნიერი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენებით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი,...